1. ძუძუს კიბოს ქირურგიული მკურნალობის მიზნები

• სიმსივნის სრულყოფილი ამოკვეთა,
• ონკოლოგიური უსაფრთხოების დაცვა,
• ადგილობრივი რეციდივის რისკის შემცირება,
• და, ორგანოსშემანარჩუნებელი ოპერაციის წარმოებისას – შეძლებისდაგვარად, ძუძუს ფორმისა და ფუნქციის შენარჩუნება.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ოპერაციის მასშტაბი ყოველთვის არ ნიშნავს უკეთეს შედეგს. უფრო დიდი ოპერაცია, ავტომატურად არ ნიშნავს უფრო უსაფრთხო მკურნალობას.

2. ოპერაციის ტიპის შერჩევა ინდივიდუალურია
ძუძუს კიბოს დროს არ არსებობს მიდგომა – „ერთი უნიკალური და ყველასთან შესრულებადი ოპერაცია“.
ქირურგიული მიდგომა დამოკიდებულია:

• სიმსივნის ზომასა და ლოკალიზაციაზე,
• დაავადების სტადიაზე,
• სიმსივნის ბიოლოგიურ მახასიათებლებზე,
• პაციენტის ზოგად (სომატურ) მდგომარეობასა და თანმხლებ დაავადებებზე,
• და პაციენტის ინფორმირებულ სურვილზე.
ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია ჩატარდეს ძუძუს შემანარჩუნებელი ოპერაცია, სხვა შემთხვევაში – საჭიროა ხდება მასტექტომია. ორივე მიდგომა ონკოლოგიური პოზიციიდან შეიძლება იყოს თანაბრად ეფექტური, თუ იგი სწორად არის შერჩეული.

3. ქირურგიული კიდეები (Surgical Margins) – რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

ოპერაციის დროს ამოკვეთილი ქსოვილის კიდეები მოწმდება მიკროსკოპულად. მიზანია დავრწმუნდეთ, რომ სიმსივნური უჯრედები არ დარჩა ამოკვეთილი უბნის საზღვრებზე.
თუ აღმოჩნდა, რომ კიდეები „დადებითია“, შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი ოპერაცია. ეს არ ნიშნავს ქირურგის შეცდომას, არამედ ასახავს სიმსივნის ბიოლოგიურ და გავრცელების თავისებურებებს.

4. იღლიის ქირურგია – მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში

ძუძუს კიბოს დროს ხშირად ისმება კითხვა:
„უნდა ამომიკვეთონ, თუ არა ყველა ლიმფური კვანძი?“
თანამედროვე მიდგომა ამ კითხვას პასუხობს – ყოველთვის არა.
დღეს ფართოდ გამოიყენება სენტინელური (მოსაზღვრე-მოდარაჯე, სასიგნალო, გუშაგი) ლიმფური კვანძის/კვანძების ბიოფსია, რაც საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ დაავადების გავრცელება მინიმალური ჩარევით და ნაკლები გართულებების რისკით (მაგ. ლიმფედემა).

5. ქირურგია ≠ მკურნალობის დასრულება

ძუძუს კიბოს ქირურგია თითქმის ყოველთვის არის კომბინირებული მკურნალობის ნაწილი, რომელიც შეიძლება მოიცავდეს:
• სხივურ თერაპიას,
• ქიმიოთერაპიას,
• ჰორმონულ ან მიზნობრივ (თარგეტულ) მკურნალობას.
ოპერაცია ხშირად პირველი ნაბიჯია, მაგრამ არა უკანასკნელი.

6. ონკოპლასტიკური მიდგომის როლი
თანამედროვე ქირურგია გულისხმობს, არა მხოლოდ დაავადების კონტროლს, არამედ პაციენტის ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებას. ონკოპლასტიკური ქირურგია აერთიანებს ონკოლოგიური უსაფრთხოების და ესთეტიკური ქირურგიის პრინციპებს.
თუმცა მნიშვნელოვანია იცოდეთ:
ონკოპლასტიკური ქირურგია ყველა შემთხვევა არ არის ადეკვატური არჩევანი!!!
ქირურგისა და პაციენტისათვის ყოველთვის პრიორიტეტად უნდა დარჩეს ონკოლოგიური უსაფრთხოება.

7. ინფორმირებული გადაწყვეტილება/თანხმობა – პაციენტის როლი
პაციენტი არ არის პასიური დამკვირვებელი. სწორი გადაწყვეტილება მიიღება მაშინ, როდესაც:
• პაციენტი სრულად არის ინფორმირებული,
• ესმის სხვადასხვა ქირურგიული ვარიანტის უპირატესობები და შეზღუდვები,
• და გადაწყვეტილება მიიღება ექიმსა და პაციენტს შორის აქტიური თანამშრომლობით.

ამდენად!
ძუძუს კიბოს ქირურგია ეფუძნება მკაფიო პრინციპებს, ინდივიდუალურ მიდგომას და მულტიდისციპლინურ გადაწყვეტილებებს. მიზანი არ არის „რაც შეიძლება მეტი ქსოვილის ამოკვეთა“, არამედ სწორი ოპერაციის ჩატარედა სწორ დროს, სწორად შერჩეული პაციენტისათვის!