2023 წლის 7 ნოემბერს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფმა თემატური მოკვლევის – „საქართველოში ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა“ – ფარგლებში ონკოლოგიის სფეროში მოქმედ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან პირველი ზეპირი მოსმენა გამართა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა მამოლოგი, ონკოპლასტიკური ქირურგი, თსსუ-ის პროფესორი ირაკლი კოხრეიძე.
თემატური მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელის, ირმა ზავრადაშვილის შეფასებით, თემატური მოკვლევა გამიზნულია იმისათვის, რომ პრობლემების იდენტიფიცირების შედეგად მოხდეს კიბოს მკურნალობის უწყვეტი ჯაჭვის შევსება, რაც ონკოლოგიურ პაციენტებს როგორც ნაადრევი დიაგნოსტიკის ჩატარების, ასევე მკურნალობის ბოლომდე მიყვანის შესაძლებლობას მისცემს.
თემატური მოკვლევა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება.