ძვირფასო პაციენტებო და ცენტრის ვიზიტორებო!

თითქმის 22 წლიანმა ნაყოფიერმა კლინიკურმა საქმიანობამ დამარწმუნა, რომ მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარების გაწევის პირობებში, ექიმსა და პაციენტს შორის პირველი კომუნიკაციის დროს გაჩენილ პოზიტიურ შთაბეჭდილებებს, შემდგომი პროცესების თანმიმდევრულ განვითარებაზე, ალბათ ისეთივე  გავლენა აქვს, როგორც მაღალხარისხიანი მედიკამენტების გამოყენებას, თანამედროვე აპარატურას, უსაფრთხო გარემოსა და სამედიცინო პერსონალის მაღალ კვალიფიკაციას. პაციენტის პერსონალური კმაყოფილება, მკურნალობის საუკეთესო შედეგის მიღწევის აუცილებელი შემადგენელია; განსაკუთრებით ონკოლოგიასა და  ძუძუს  ონკოპლასტიკურ ქირურგიაში.

ემპათია, ექიმსა და პაციენტს შორის ნდობისა და პატივისცემის გაჩენა და ამ გრძნობების გაღრმავება, მეტწილად ექიმის კომუნიკაციურ უნარ-ჩვევებზეა დამოკიდებული, თუმცა ხშირად აღნიშნულზე სხვა, არასუბიექტური ფაქტორებიც ახდენს გავლენას.

ტრადიციულ, მრავალპროფილიან სამედიცინო დაწესებულებების ამბულატორიებში, ხშირად ვხვდებით ისეთ პრობლემებს, როგორიცაა: ვიზიტზე ჩაწერის ხარვეზი, სერვისის მისაღებად დროის არარაციონალური გეგმარება, სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციის ჩასატარებლად პაციენტის კლინიკაში ხანგრძლივი დაყოვნება, არასაჭირო ბიუროკრატია და სხვა.

ამ, თითქოს  ჩვენთვის უმნიშვნელო დაბრკოლებებს, შესაძლოა ისედაც სტრესულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის კიდევ უფრო მეტი გაღიზიანება გამოიწვიოს და მასში დაუცველობის და იმედგაცრუების გრძნობები გააღვივოს. დამერწმუნეთ, ერთხელ მაინც ვინც პაციენტის, ან მისი ახლობლის სტატუსით ეს „სიამოვნება“ უგემია – ადვილად გამიგებს თუ რაზე ვსაუბრობ.

ჩვენი საკონსულტაციო ცენტრის გაჩენის იდეა, პაციენტებისათვის მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარების პროცესში  მაქსიმალური კომფორტის  შექმნას ეფუძნება, რაც ჩემი აზრით ძალიან ნაყოფიერად გამოგვდის.

გადაჭარბების გარეშე მინდა მოგახსენოთ, რომ ირაკლი კოხრეიძის საკონსულტაციო ცენტრი ზუსტად ის ადგილია, სადაც პაციენტი ყოველთვის მთავარი ფიგურაა! ამავდროულად, იგი იღებს პრემიუმ ხარისხის სამედიცინო მომსახურეობას სხვადასხვა დარგის ექსპერტ-პროფესიონალების მხრიდან.

მუშაობის თითქმის 2 წლიანი პერიოდის გავლის შემდეგ, ჩვენმა ცენტრმა ნამდვილად დაიმკვიდრა პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო დაწესებულების სახელი და ასევე, არ მიკვირს, რომ მზარდი კონკურენციის პირობებში – ჩვენ გამოგვარჩევენ და  გვენდობიან, ხოლო 1800-ზე მეტი  კონსულტირებული პაციენტის მხრიდან  რეალური გამოხმაურებების საფუძველზე ვიტყვი, რომ ჩვენ ვუყვარვართ კიდეც.

ასე რომ, გელით ირაკლი კოხრეიძის საკონსულტაციო ცენტრში და გისურვებთ ჯანმრთელობას!

პროფესორი ირაკლი კოხრეიძე

2022 წელი