2023 წლის 4 დეკემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას ,,ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ. პრეზიდენტთან შეხვედრაზე, ასევე იმყოფებოდა პროფესორი ირაკლი კოხრეიძე.

,,თქვენი ხმა ევროპას! იმედი მაქვს ყველამ მოაწერეთ ხელი მიმართვას. ეს არის ჩვენი ერთობლივი გზა, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია, ჩვენ სხვა პერსპექტივა არ გვაქვს და ამისი ახსნა დღეს თქვენთან ყველაზე ნაკლებად მჭირდება. სამედიცინო სფერო, რომელიც დღეს აქაა შეკრებილი ჩვენი საზოგადოების ის ნაწილია, რომელიც ყველაზე კარგად აცნობიერებს, თუ რამდენად სჭირდება ჩვენს ქვეყანას ჯანდაცვის სფეროში ევროპა და ევროპული სტანდარტები. არ შეიძლება გაგრძელდეს ასე, როცა ონკოლოგიურად მძიმე დაავადებების მქონე ჩვენი ბავშვები იძულებულები ხდებიან წავიდნენ უცხოეთში და ოჯახიც გვყავეს იქ. მართალია, რაღაც ნაბიჯები გადაიდგა დაფინანსების კუთხით და უფრო სრულად ფინანსდება ამ ბავშვების უცხოეთში გაშვება და შეზღუდვები ამ კუთხით აღარ არის, მაგრამ ოჯახების პრობლემა ოჯახების პრობლემად რჩება, ქვეყნის პრობლემა კი, ქვეყნის პრობლემად. ჩვენი ბიუჯეტის დიდი თანხები გადის ქვეყნიდან იმის მაგივრად, რომ აქ განვავითაროთ ეს სფერო და დარწმუნებული ვარ ეს შეგიძლიათ. ჩვენ ამერიკასა და ევროპაში ამ კუთხით ძალიან კარგი სპეციალისტები გვყავს – მათი დროებით, ან ხანგრძლივად ჩამოყვანაც შეიძლება და აქაური სპეციალისტებიც გვყავს იმისთვის, რომ ეს დარგი ბოლოს და ბოლოს განვავითაროთ და მოვხსნათ ეს პრობლემა.- განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.