რა არის სენტინელური ლიმფური კვანძი?
ლიმფური სისტემა არის სხეულის ბუნებრივი სადრენაჟო და დამცავი ქსელი.
ძუძუს კიბოს დროს სიმსივნური უჯრედები პირველადად ვრცელდება ამ სისტემით და დასაწყისში ხვდებიან იღლიის ფოსოს ერთ ან რამდენიმე ლიმფურ კვანძში, რომელთაც ჩვენ სენტინელურ (პირველ ბარიერულ) ლიმფურ კვანძებს ვუწოდებთ.
სწორედ ამ კვანძის/კვანძების გამოკვლევა გვაძლევს ინფორმაციას:
• გავრცელდა თუ არა დაავადება,
• და რამდენადაა საჭიროა უფრო ფართო ქირურგიული ჩარევა.
2. რატომ არ ხდება ყველა ლიმფური კვანძის ამოკვეთა?
წარსულში ფართოდ გამოიყენებოდა იღლიის ყველა ლიმფური კვანძის ამოკვეთა. ამას – ტოტალურ ლიმფადენექტომიას ვუწოდებთ.
დღეს ვიცით, რომ ეს მიდგომა:
• ხშირად არ აუმჯობესებს გადარჩენის მაჩვენებლებს,
• მაგრამ მნიშვნელოვნად ზრდის გართულებების რისკს, მათ შორის:
o ლიმფედემა (ხელის შეშუპება),
o ტკივილი,
o მოძრაობის შეზღუდვა.
სენტინელური ლიმფური კვანძის/კვანძების ბიოფსია საშუალებას გვაძლევს:
✔ მივიღოთ ზუსტი ინფორმაცია დაავადების გავრცელების შესახებ;
✔ შევამციროთ ოპერაციისშემდგომი გართულებები და შევუნარჩუნოთ ცხოვრების მაღალი ხარისხი ჩვენ პაციენტებს.
3. როგორ ტარდება სენტინელური ლიმფური კვანძის/კვანძების ბიოფსია?
პროცედურა ტარდება ოპერაციის დროს და მოიცავს რამდენიმე ეტაპს:
1. ძუძუს მიდამოში შეყვანილია სპეციალური მარკერი (რადიოაქტიური ნივთიერება, რკინის პარამაგნიტური ოქსიდი და/ან ე.წ. ვიტალური საღებავი).
2. მარკერი მიედინება ლიმფური გზებით და აღწევს პირველ ლიმფურ კვანძს/ კვანძებს.
3. ქირურგი პოულობს ამ კვანძს სპეციალური დეტექტორის მეშვეობით.
4. ამოიკვეთება მხოლოდ 1–3 (არა უმეტეს 5) ლიმფური კვანძი.
პროცედურა უსაფრთხოა და არ ზრდის ოპერაციის შემდგომ გართულებებს.
4. რას გვიჩვენებს ბიოფსიის შედეგი?
სენტინელური ლიმფური კვანძის გამოკვლევის შედეგად შესაძლებელია სამი ძირითადი სცენარის განვითარება, როცა:
• სიმსივნური უჯრედები ლიმფურ კვანძებში არ არის აღმოჩენილი – კარგი პროგნოზი;
• ლიმფურ კვანძებში ვლინდება მიკრომეტასტაზები – სიმსივნური უჯრედები მცირე რაოდენობით – კარგი ან საშუალო პროგნოზი;
• ვლინდება ლიმფური კვანძების მეტასტაზური დაზიანება – გაუარესებული პროგნოზი
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ დადებითი სენტინელური კვანძი ყოველთვის არ ნიშნავს, რომ საჭიროა ყველა ლიმფური კვანძის ამოკვეთა. გადაწყვეტილება მიიღება ინდივიდუალურად.
5. საჭიროა თუ არა დამატებითი ოპერაცია?
დღეს უკვე არსებობს მტკიცებულებები, რომ:
• გარკვეულ პაციენტებში
• შეზღუდული (1-3 ლიმფური კვანძის) დაზიანების დროს
შესაძლებელია თავი ავარიდოთ იღლიის ლიმფური კვანძების სრულ ამოკვეთას და მივაღწიოთ იგივე ონკოლოგიურ შედეგებს მკურნალობის სხვა მეთოდების (მაგ. სხივური თერაპია) გამოყენებით.
ეს გადაწყვეტილება მიიღება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ.
6. რა გართულებები შეიძლება ჰქონდეს ამ პროცედურას?
სენტინელური ბიოფსია ითვლება დაბალი რისკის შემცველ სამედიცინო პროცედურად. შესაძლო გართულებებია:
• მსუბუქი ტკივილი ან შეშუპება,
• მგრძნობელობის დროებითი ცვლილება,
• ძალიან იშვიათად – ლიმფედემა.
შესადარებლად: იღლიის სრული ლიმფადენექტომიის შესრულებისას გართულებების რისკი მნიშვნელოვნად მაღალია.
7. პაციენტის როლი გადაწყვეტილების მიღებაში
პაციენტს აქვს უფლება:
• იცოდეს, რატომ არის რეკომენდებული სენტინელური ლიმფური კვანძის/კვანძების ბიოფსია,
• მიიღოს ინფორმაცია მკურნალობის ალტერნატიული ვარიანტების შესახებ,
• დასვას კითხვები და მიიღოს გააზრებული გადაწყვეტილება.
ინფორმირებული პაციენტი არის მკურნალობის პროცესის აქტიური მონაწილე.
ამდენად!!!
სენტინელური ლიმფური კვანძის ბიოფსია წარმოადგენს თანამედროვე, უსაფრთხო და ეფექტურ მეთოდს ძუძუს კიბოს სტადირებისთვის. მისი მიზანია ქირურგიული ჩარევის მინიმალიზაციის შორეული შედეგების გაუარესების გარეშე.