2023 წლის 17-18 ნოემბერს ქ. თბილისში ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის, გინეკოლოგიური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოებისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ორგანიზებით, ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია-ვორქშოფი „Breast and Gynecologic Cancers: Challenges and Opportunities”.

კონფერენციაზე მოხსენებით „De-escalation of surgery in breast cancer patients” წარდგა პროფესორი ირაკლი კოხრეიძე, რომელიც  ეძღვნებოდა ძუძუს კიბოს ქირურგიული მკურნალობის ევოლუციის ეტაპებს, მასშტაბური ქირურგიული ჩარევების შემცირების ლოგიკურ დასაბუთებას და ამ ჩარევების უსაფრთხოებას.

პრეზენტაციაზე დეტალურად იქნა განხილული ონკოპლასტიკური ქირურგიული ჩარევების სახეები, მათი ტექნიკა და ეფექტურობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონული მეტასტაზირების ზონებზე სხვადასხვა ზედაზოგვით ქირურგიულ ჩარევათა ტექნიკურ დეტალებს. აღნიშნული ოპერაციები პროფ. ი. კოხრეიძის კლინიკის რუტინული პრაქტიკაა და საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად შემცირდეს ისეთი პოსტოპერაციული გართულებები, როგორებიცაა ხანგრძლივი ლიმფორეა, ზედა კიდურში მოძრაობისა და მგრძნობელობის ფუნქციათა მოშლა და ზედა კიდურის სპილოვნება – ლიმფოსტაზი.